RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

დამატებითი შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო

ივნისი 2019


ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დასაქმებულს მიეცემა დახმარება. ხოლო საჯარო მოსამსახურეს- შვებულების ანაზღაურება, დახმარებასა და შვებულების ანაზღაურებას შორის არსებითი სხვაობაა.

კერძო სექტორში დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს დეკრეტული შვებულების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები. საკომპენსაციოდ სახელმწიფო დასაქმებულს სთავაზობს ერთჯერად-1000 ლარამდე დახმარებას. თუმცა დამსაქმებელს უფლება აქვს გამოავლინოს კეთილი ნება და დასაქმებულს დამატებით აუნაზღაუროს გარკვეული თანხა შეუზღუდავად.

სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი დახმარების გაცემა წარმოებს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მეშვეობით, რომელსაც წარედგინება დადგენილი ფორმის, დამსაქმებლის მიერ შედგენილი და დამოწმებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი.

კერძო სექტორში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დასაქმებულისათვის დახმარების საანგარიშო ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული სამუშაო თვიური შრომის ანაზღაურება. ამავე პრინციპით გაიანგარიშება გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში.

თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

დამატებითი კითხვების შემთვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენი კომპანიის საკონტაქტო მეილზე ან დაგვიკავშირდეთ.

E: info@russellbedford.ge

T: +995 322 910 996